“99%-ით შეთანხმება მიღწეულია” – გაფიცული “აზოტელების” საინიციატივო ჯგუფი 

“რუსთავის აზოტელების” პროტესტი დასასრულს უახლოვდება. როგორც საწარმოს გაფიცული თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

თანამშრომლების ნაწილი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება საამქროებს და ქარხანა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ამუშავდება.

როგორც საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც თანამშრომლების ნაწილმა საწარმოს ადმინისტრაციასთან უნდა დააზუსტოს, ამის შემდეგ კი შეთანხმება სრულად შედგება.

“რუსთავის აზოტის” თანამშრომლების პროტესტი ექვსი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველ ეტაპზე გაფიცული თანამშრომლები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვდნენ. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, კომპანიამ შეთავაზება წარადგინა.

საწარმოს ადმინისტრაციის პასუხის თანახმად, ყველა დასაქმებულს, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვს ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდებოდა, ხოლო 1000-დან 1500-მდე ხელფასის მქონე პირებს 125 ლარით.