Tbilisi Pride: ვთხოვთ “რიონის ხეობის მცველებს” მკაფიოდ გაემიჯნონ ძალადობას

Tbilisi Pride ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორებს მიმართავს. გაერთიანება მიიჩნევს, რომ მათი პროტესტი საჭირო და სამართლიანია, თუმცა ორგანიზატორებს სთხოვენ, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა თავს არიდებს ნამოხვანჰესის პროექტის ადგილობრივ მოსახლეობასთან და პროტესტის ორგანიზატორებთან განხილვას, არ აქვს პასუხი პროექტის თანმხლებ ზიანსა და სარგებელთან დაკავშირებით, და ვერ ამტკიცებს, რომ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს ასახავს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რიონის ხეობის მცველთა პროტესტი საჭიროცაა და სამართლიანიც. მეტიც, ეს ჩვენი, ქვიარების ბრძოლაცაა, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დაცულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში!

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა. სახელმწიფო  ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება,  მაგრამ ქვიარ თემს ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შელახვის წლების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ  ხშირად ვხდებით ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მუქარის, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერები ლევან ვასაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები არაერთხელ დაგვემუქრნენ და დაგვესხნენ თავს ქვიარ თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი საჩივარის და როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ამ საკითხის არაერთხელ დაყენების მიუხედავად პოლიცია და სახელმწიფო არ ახდენს სათანადო რეაგირებას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები გაემიჯნონ ამ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები. სხვა შემთხვევაში, ვშიშობთ, ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია და არასწორი მიმართულებით წარმართვა, რაც არც ჩვენი და არც რიონის ხეობის მცველთა ინტერესებში არ არის. ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი სცენ ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მათაც ჩვენთან ერთად მოთხოვონ სახელმწიფოს, აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე ადეკვატური რეაგირება და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის წახალისება გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.