კლინიკა “რუსთავში” ვაქცინის გასაკეთებლად მისულ მოქალაქეებს, ვაქცინის დოზების არ არსებობის გამო, კლინიკაში გარკვეული დრო ლოდინი მოუწიათ.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, ზოგიერთი მათგანი კლინიკაში ათი საათიდან იმყოფებოდა, თუმცა კლინიკა “რუსთავში” ვაქცინის დოზებს ელოდებოდნენ.
კლინიკაში ამ დროისთვის “სინოფარმის” ვაქცინის დოზები უკვე შეიტანეს და იმუნიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.
როგორც კლინიკა “რუსთავში” განაცხადეს, ვაქცინის დოზების მოთხოვნით NCDC-ის რეგიონულ ცენტრს პარასკევს მიმართეს, თუმცა იყო ლოჯისტიკური შეფერხება და მოქალაქეებს რამდენიმე საათი მოუწიათ ლოდინი.
“ჩვენ პარასკევს ვაცნობეთ დაავადებათა კონტროლის რეგიონულ ცენტრს, რომ კლინიკაში ვაქცინის მარაგი იწურებოდა. ველოდებოდით ახალ პარტიას, მოხდა ლოჯისტიკური შეფერხება, ათი საათის მაგივრად რამდენიმე საათის მერე მოხდა ზოგიერთი მოქალაქის ვაქცინაცია, დაიწყო ორ საათზე, ამ წუთას ვაქცინის დოზები მოტანილია” – აცხადებენ “კლინიკა” რუსთავში.
მანამდე საკითხზე კომენტარი გააკეთა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ კლინიკა “რუსთავში” პრობლემა ლოჯისტიკის ნაწილთან დაკავშირებით დაფიქსირდა, თუმცა ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ადგილი დაჯავშნილი აქვს, არ არსებობს.