მმართველი გუნდი მზადაა პრეზიდენტს კანონპროექტზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს

“ქართულ ოცნებაში” სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან- დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების კანონპროექტს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მზად არიან, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ.

როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონში შესატან ცვლილებებს, არსებობს ვალდებულება, რომ ვეტოს არგუმენტაციის განხილვა მოხდეს.

“ჩემთვის არაა ცნობილი რა ფორმით წარიმართება კონსულტაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება რა არგუმენტები იქნება წარდგენილი, კანონპროექტის არსის ახსნა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ შექმნილი აჟიოტაჟის განეიტრალება, რაც, ვფიქრობ, ხელოვნურადაა შექმნილი და არ არსებობს საამისო წინაპირობა, რომ ასეთ დრამატულ ფერებში იყოს წარმოჩენილი ვითარება.

ვეტო თუ იქნება, გვავალდებულებს კონსტიტუცია, რომ განვიხილოთ ვეტოს არგუმენტაცია და, შესაბამისად, განხილვის შედეგად, როგორი იქნება გადწყვეტილება, ამის შესახებ პროგნოზების გაკეთება აუცილებელი არ არის,”-აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე.