საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 5 შემთხვევაა აღრიცხული. ინფიცირებულთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა. სამმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა, რადგან ისინი უცხოეთის მოქალაქეები იყვნენ.
რას წარმოადგენს “ინდური შტამი”, რით განსხვავდება ის დანარჩენი ვარიანტებისგან და როგორია არსებული ვაქცინების ეფექტიანობის მაჩვენებელი მის წინააღმდეგ?
რა არის “ინდური შტამი”?
ე.წ. ინდური შტამი მორიგი ვარიაციაა ვირუსისა, რომელიც კორონავირუსს იწვევს. მისი ოფიციალური სახელია “B.1.617”. ვირუსის ეს ვარიანტი თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და ასე მიიღო მეორე, არაოფიციალური სახელწოდება.ამ დროისთვის ხსენებული ვარიანტის სამი ქვეტიპია გამოვლენილი: B.1.617.1, B.1.617.2, და B.1.617.3.
ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ პროცესის შედეგად, წარმოქმნილ ვარიანტთა უმეტესობა დიდი მნიშვნელობით არ გამოირჩევა. თუმცა, სპეციალისტების დაკვირვებით, “ინდური შტამი” ე.წ. საცეცი ცილის მუტაციებით ხასიათდება, რაც მის მნიშვნელობას ზრდის.
საცეცი ცილა ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.
მაისში “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” აღნიშნული შტამი შეიყვანა ვირუსის იმ ვარიანტთა სიაში, რომლებიც შეშფოთების საფუძველს იძლევა.
ჯანმო დასძენს, რომ წინასწარი კვლევების თანახმად, “ინდური შტამი” გადადების გაზრდილი მაჩვენებლით ხასიათდება, თუმცა ეს შედეგები საბოლოო არ არის.
“ინდური შტამი” უფრო სწრაფად ვრცელდება?
მეცნიერების ხელში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, “ინდური შტამი” უფრო მარტივად ვრცელდება, ვიდრე მაგალითად, ე.წ. ბრიტანული ვარიანტი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან არსებული სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს თანახმად, არსებობს “რეალური შესაძლებლობა”, რომ “ინდური შტამი” ე.წ. ბრიტანულ შტამზე 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს.
BBC-ის თანახმად, კორონავირუსის “ინდური შტამით” ინფიცირებულთა კონტაქტების 12%-ზე მეტს განუვითარდა, ბრიტანულის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ მაჩვენებელზე არა მხოლოდ ვირუსის ხასიათი, არამედ ადამიანთა აქტივობებიც მოქმედებს.
თუმცა ეს გარემოება არ ამსუბუქებს მოლოდინებს ბრიტანეთში, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, “ინდური შტამი” საწყის პოზიციაზე მოექცეს ქვეყნის შიგნით გავრცელების მაჩვენებლით. ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მისი რამდენიმე ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.
ეჭვები მყარდება იმ ფონზე, როცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბრიტანეთში ვირუსის ახალ შემთხვევათა 75%, შესაძლოა, სწორედ “ინდურ შტამზე” მოდიოდეს.
ამ ფონზე, არაერთმა ქვეყანამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა მიმართ სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა. მსგავსი შეზღუდვები მანამდე ინდოეთის მიმართაც ამოქმედდა.
“ინდური შტამი” უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის?
ამჟამად არსებული მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ, იწვევს თუ არა აღნიშნული შტამი უფრო მძიმე ავადობას ან ზრდის თუ არა ინფიცირების შემთხვევის ფატალურად დასრულების შესაძლებლობას.
თუმცა ინფექციური დაავადებების ექსპერტი რაინა მაკინტაირი აღნიშნავს, რომ არსებობს “გარკვეული მონაცემები”, რომელთა თანახმადაც, აღნიშნული შტამი, შესაძლოა, განსხვავებული სიმპტომებით ხასიათდებოდეს.
”ინდოეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს ატიპური კლინიკური გამოვლინებები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, პირღებინება, დიარეა და სმენის დაქვეითება, აგრეთვე ტემპერატურის არარსებობა”, — თქვა მან.
რამდენად ეფექტიანია ვაქცინა “ინდური შტამის” წინააღმდეგ?
დამატებითი კვლევები ამ მიმართულებითაც არის საჭირო, თუმცა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” პოზიცია დამაიმედებელია: ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგი დასძენს, რომ ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტიანია COVID-19-ის ვარიანტების, მათ შორის, ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ.
ჯანმოს მიერ, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 ვაქცინაა ავტორიზებული: “ფაიზერი”, “ასტრაზენეკა”, “მოდერნა”, “ჯონსონ&ჯონსონი” და “სინოფარმი”.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ასევე დაადასტურა, რომ დამაიმედებელია სურათი “ინდური შტამის” წინააღმდეგ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის კუთხით.
იმავეს ამბობს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.
ინდოეთის კოვიდ-კრიზისის უკან ეს შტამი დგას?
Covid-19-ის მეორე ტალღა დრამატულად საზიანო აღმოჩნდა ინდოეთისთვის. მაისის მეორე ნახევრის მონაცემებით, ინფიცირებულთა ჯამური ოდენობა ქვეყანაში 27 მილიონს შეადგენს. 300 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ექსპერტთა თქმით, რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად დიდია.
რა ვითარებაა მსოფლიოში?
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მონაცემებით, ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს მასშტაბით 53 ტერიტორიაზეა გამოვლენილი.
მეორე მხრივ, COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების ჯამური მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავ იკლებს.
მაგალითად, გასულ კვირას მსოფლიოში ვირუსის 4.1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 84 000 ადამიანი კი დაიღუპა. ამ მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი კვირიდან კვირამდე 14%-ით შემცირდა, გარდაცვალებისა კი — 2%-ით.
მიუხედავად ამისა, WHO მოქალაქეებს აფრთხილებს:
“ბოლო 4 კვირის მანძილზე გლობალური კლების მიუხედავად, Covid-19 შემთხვევების სიხშირე და სიკვდილიანობა კვლავ მაღალია, ბევრ ქვეყანაში კი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა”.
წყარო: ნეტგაზეთი