სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების,  ჯამში ოთხი პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ასევე ხელბარგის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში 25 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით,  კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა, თითოეულს  1000 ლარის ოდენობით შეეფარდა. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეს, რომელიც  უკანონოდ 14 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.