შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება ახლო აღმოსავლეთში – რამდენიმე საათის წინ ღაზას სექტორიდან პალესტინელების მიერ გაშვებული რაკეტა ისრაელის ქალაქ ბეერშებას დასახლებულ პუნქტში ჩავარდა.
იერიშის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გრძელდება ისრაელის მიერ ჰამასის პოზიციების დაბომბვაც. ერთ-ერთი ჭურვი ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად ჩავარდა, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს დილით ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წარმომადგენელი, ჰადი ამრი ჩავიდა. ის კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკებებით შეეცდება.
ბლინკენმა 12 მაისს განაცხადა, რომ ისრაელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხში.
როგორც უცხოური მედია წერს, ისრაელს კიდევ ორი მხრიდან უტევენ. 14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელ-ავივის მიმართულებით 3 რაკეტა სირიიდან გაუშვეს, ერთ-ერთი მათგანი სირიის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა.
ლიბანურ მედიაში კი წერენ, რომ რამდენიმე ადგილობრივმა მამაკაცმა ისრაელთან საზღვრის გადაკვეთა სცადა, რის გამოც ერთ-ერთი მათგანი ისრაელის სასაზღვრო ძალებმა მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიბანელ მამაკაცთა ჯგუფმა სასაზღვრო ღობის დაზიანება სცადა, მაგრამ უკან დაიხია. ისრაელის სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს.
პალესტინელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში კონფლიქტის დაწყებიდან მათ მხარეს 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 31 ბავშვია. ისრაელის მხარეს კი რვა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.
კონფლიქტი 10 მაისს დაიწყო, როდესაც იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში პალესტინელ მორწმუნეებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. კონფლიქტი იმ ადგილას დაიწყო, რომელიც როგორც ებრაელებისთვის, ასევე მუსლიმებისთვის წმინდაა.
ამის გამო, ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვა, რამაც საპასუხო შეტევები გამოიწვია.