იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა რუსთავში ვიზიტით იმყოფებოდა

იაპონიის ელჩი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძეს, მერის მოადგილეებს დავით იშხნელსა და კახა გურულს შეხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რუსთავის ახალ შესაძლებლობებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

,,რუსთავში იაპონიის ელჩს ვუმასპინძლეთ. რუსთავის მუნიციპალიტეტში გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, საუბრის მთავარი თემა იყო დღეს არსებული გამოწვევები. გვქონდა საუბარი ეკოლოგიაზე, ეკოლოგიური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, ქალაქში ბიზნესი აქტიურად თუ არ ჩაერთო ამ პროცესში. საქართველოსა და იაპონიას მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, მე იმედი მაქვს, რომ ეს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა რუსთავის მერიაში გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ქალაქის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრა, მანამდე კი ქალაქის ცენტრალური პარკი დაათვალიერა.

როგორც იმამურა აკირამ განაცხადა, ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს და ეცნობა, რუსთავში კი ეს მისი პირველი ვიზიტია.