ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება მიღწეულია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, პარტიები სრულად შეთანხმდნენ იმ პროექტზე, რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

“პირველი,  რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, დაინიცირდება პროექტი 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება 2%-იანი ბარიერით უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ფრაქციის შექმნის უფლება განისაზღვრება უკვე 4 დეპუტატისთვის და რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის წესს, აქაც არის შეთანხმებული კონკრეტული ტექსტი, რომელიც ეფუძნება მიშელის დოკუმენტს. სამივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს სრული კონსენსუსი შესაბამის პარტიებთან და საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით დაინიცირდება ეს კანონპროექტი,”- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ყველა პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს. როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, თუ რომელიმე პარტია  დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, ამაზე “ოცნებას” შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ყველას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს. ჩვენ უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი მოქმედება, თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ამაზე გვექნება შესაბამისი შეფასება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.