პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხის მოგვარებაში პირადად ჩაერთოს.
„მინდა ჩემი ოლქის ამომრჩევლის სატკივარი და თხოვნა გადმოგცეთ. საკითხი შეეხება ქალაქ ბოლნისის და დაბა კაზრეთის წყალმომარაგებას. თქვენ იცით, რომ ბოლნისს წყალი მიეწოდებოდა 6-8 საათიანი გრაფიკით შემოდგომა გაზაფხულის პერიოდში, ხოლო ზაფხულში საკმაოდ შეზღუდული დროით 1-2 საათით .
სამწუხაროდ, ქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს უბნები , რომლებიც საერთოდ ვერ იღებენ სასმელ წყალს. ასევე, შარშან ზაფხულიდან პრობლემური გახდა დაბა კაზრეთისთვის წყლის მიწოდება, სადაც ამ მიმართულებით შეფერხება არასდროს გვქონია. ჩვენ საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ სათავე ნაგებობაზე წყლის შემკრები ძაბრების დაახლოებით 70% გახლავთ დაზიანებული. ასევე, სერიოზული დაზიანებები და უკანონო დაერთებები გვხვდება მაგისტრალზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაცია გვაქვს პრაქტიკულად ყველა რანგის თანამდებობის პირთან, თუმცა დღემდე მისი გადაწყვეტა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, ბოლნისის მთელი რიგი უბნები, დაბა კაზრეთის მაღალსართულიანი კორპუსები დაგვრჩა სასმელი წყლის გარეშე და სამწუხაროდ, დღეს დილით ქალაქში ფუნქციონირება შეწყვიტა ორმა საბავშვო ბაღმა იმის გამო, რომ სასმელი წყლის რეზერვი ამოეწურათ.
ბატონო ირაკლი, მე ვიცი თქვენი გულისხმიერი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების სატკივარისადმი. არაერთი პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში დაგვხმარებიხართ ადრეც და მინდა გთხოვოთ, რომ პირადად ჩაერთოთ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში.
ამასთან , თუ შესაძლებელია ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რა ვადებშია საკითხის მოკლევადიანი ოპერატიული გადაწყვეტა და ასევე გრძელვადიანი მოგვარება , რათა ქალაქში და ამ დიდ დაბაში უზრუნველყოფილი იქნას სასმელი წყლის მისაღები გრაფიკით მიწოდება.“- განაცხადა გოგი მაჟორიტარმა სიტყვით გამოსვლისას
მეშველიანმა ასევე ისაუბრა პრემიერ- მინისტრის მიერ წარდგენილ ანგარიშსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.
მისი შეფასებით – „ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინეთ და ძალიან საინტერესო მომავლის ხედვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი განვითარების გეგმა, განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას”









