„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში სრული შემადგენლობით შედის. პოლიტიკურ ძალას 32-წევრიანი საპარლამენტო ფრაქცია ექნება, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
პარლამენტში შესვლის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ. ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის საპარლამენტო გეგმებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით, განცხადებას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა. ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რათა თვითმმართველობის არჩევნებზე წარვდგეთ ძლიერად და მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქის ხმა, ჩვენ არ ვარჩევთ – ჩვენი ამომრჩეველი თუ სხვისი ამომრჩეველი, იქნება წარმოდგენილი ამ პარლამენტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.