ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

საპატრიარქოში  ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის,  ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და „იუნისეფის“ წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა,  საუბარი ეხებოდა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება. მისივე ცნობით, გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

„მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები.

პროცესი მიმდინარეობს ახლა, არ არის საუბარი დახურვაზე და რაღაც ვადებზე. პირიქით, საუბარი იყო იმაზე, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება, რომ ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას ან უკან დაბრუნებას.”-განაცხადა ჯაღმაიძემ.