პრემიერი: დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ბიზნესის ეფექტიან და სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ჩვენი გეგმის მიხედვით, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს 6 მლრდ ლარს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონული მხარდაჭერის მექანიზმი, რაც 10 რეგიონში ბიზნესცენტრების შექმნას გულისხმობს.