ჩინეთში „სინოვაკის“ ვაქცინით 3-დან 17 წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან

ჩინეთში „სინოვაკის“ ვაქცინით 3-დან 17 წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან. შესაბამისი ნებართვა ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ. ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში უკვე გამოიყენეს 723,5 მილიონი დოზა ვაქცინა.

ჩინელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველ და მეორე ფაზაში გამოჩნდა, რომ ის ეფექტურია 3-დან 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებში და გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ფორმის იყო.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ ეტაპზე ბავშვებისთვის აცრების გამოყენების ნებართვას ითხოვს კიდევ ერთი ჩინური მწარმოებელი „სინოფარმიც“. მათ შესაბამისი კვლევა უკვე წარუდგინეს მარეგულირებელს.

ამასთან, კომპანია „სინოვაკში“ განაცხადეს, რომ მათ დაასრულეს კლინიკური კვლევის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც, მესამე დამატებითი დოზის ეფექტურობა შეამოწმეს.

როგორც აღმოჩნდა, მესამე დამატებითი დოზის გაკეთებიდან ერთ კვირაში კვლევაში მონაწილე პირთა ორგანიზმში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. ხოლო ერთ თვეში ანტისხეულების რიცხვმა 20-ჯერ მოიმატა.

ამასთან, ჩინეთის მარეგულირებელ ორგანოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე „სინოვაკის“ მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაციის გაცემა ნაადრევია და ამას კვლევის გაგრძელება სჭირდება.