ცერცვაძე: საქართველოში ეპიდვითარება კვლავ საყურადღებოა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება კვლავ საყურადღებოა. და ამ დროისთვის, შეზღუდვების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

როგორც ცერცვაძე ამბობს, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დამარცხებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამ დროისთვის ორჯერადად მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტია აცრილი.

„ჯერ, მესამე ტალღა მთლიანად არაა დაძლეული. ის, რომ, ბოლო პერიოდში, საქართველოში სიკვდილიანობა შედარებით მაღალია, განპირობებულია სწორედ იმით, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, ვაქცინაციის კარგი ტემპი აიკრიფა, დაახლოებით, მოსახლეობის 7% გვყავს ვაქცინირებული. ვაქცინაცია, პირველ რიგში, ამცირებს სწორედ გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს. დღეში 15-16 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს“, – აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.