ალგეთის ეროვნული პარკი კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენას მასპინძლობს

ალგეთის ეროვნული პარკი, 7 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით, კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენას მასპინძლობს.

პარალელურად, კორეაში, ქ. ვონჯუში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოები გამოიფინა. გამოფენის გახსნის ცერემონია ორივე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა. ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე, პირდაპირ ეთერში ეხილათ კორეაში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენის გახსნა.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში, 2 კვირის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება კორეის ულამაზესი ეროვნული პარკების ამსახველი ფოტოები, შესაბამისი აღწერით.

გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.