დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, NCDC პირბადის მოხსნის რეკომენდაციას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, შესაძლოა, ნებისმიერ დროს წავიდეს უარესობისკენ.
„ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია.
აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ”, – აღნიშნავს გამყრელიძე.
რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.