ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია გამართა.
საჯარო მოხელეებმა, „კომუნალური მეურნეობის” თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სოფელ ცურტავში მდებარე, ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
„ჯანსაღი გარემო თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ჩვენ ვართ ევროკავშირის ინიციატივის ხელმომწერები, რომელიც მუნიციპალიტეტში CO2-ის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ყველას მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის 1972 წლის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება.