ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი კოვიდრეგულაციის დარღვევის გამო გადადგა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა თანამდებობა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დატოვა. უცხოური მედიის ცნობით,  მან საკუთარ კაბინეტში უფროს თანაშემწე ქალს აკოცა.

მისი გადადგომა მოჰყვა გაზეთ Sun-ის მიერ ჰენკოკის დაქვემდებარებაში მყოფ ჯინა კოლადანჯელოსთან კოცნის ფოტოების გამოქვეყნებას.

ფოტომასალის გასაჯაროების შემდეგ, 42 წლის ჰენკოკს თანამდებობიდან გადადგომის ინიციატივა არ გამოუჩენია, თუმცა საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბორის ჯონსონის “კონსერვატიული პარტიის” ლიდერებმა ჰენკოკის ქცევა მიუღებლად შეაფასეს. ლიდერების განცხადებით, ჰენკოკმა მის მიერ დაწესებული შეზღუდვები დაარღვია.

“ჩვენ, როგორც ქვეყანამ, პანდემიასთან საბრძოლველად ბევრი გავაკეთეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ ჩემმა პირადმა ცხოვრებამ ყურადღების გადაიტანოს იმ ერთმნიშვნელოვანი მიდგომიდან, რომელმაც ჩვენ კრიზისიდან უნდა გამოგვიყვანოს”, – წერს ჰენკოკი წერილში, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს, ბორის ჯონსონს სამსახურიდან დათხოვნის მიზნით გაუგზავნა.

საპასუხო წერილში ჯონსონმა ჰენკოკი ენერგიული მუშაობისთვის შეაქო და მისი დაკარგვის გამო მწუხარება გამოთქვა.  ჰენკოკი და კოლადანჯელო ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს დამეგობრდნენ. ორივე მათგანი დაქორწინებულია და შვილები ჰყავთ.

ფოტოების გადაღების დროს, სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენელთა დახურულ სივრცეში შეკრება აკრძალული იყო.

ჰენკოკმა კოლადანჯელო არაანაზღაურებად მრჩევლად გასულ წელს დანიშნა. მოგვიანებით მან პოზიცია შეიცვალა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო მეიზი

წყარო: ბიზნესფორმულა