გამყრელიძე: “ასტრაზენეკას” პირველ დოზაზე დარეგისტრირებულებს ჩინურ ვაქცინებს შევთავაზებთ

NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ პირებს, რომლებიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ დარეგისტრირებული და მისი არქონის გამო ვერ იცრებიან, NCDC ჩინური წარმოების “სინოფარმისა” და  “სინოვაკის” ვაქცინას შესთავაზებს.  ჩინური ვაქცინით აცრა აღნიშნულ მოქალაქეებს იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

გამყრელიძე განმარტავს, რომ ის პირები ვინც, “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს და მათი იმუნიზაციიდან 10-12 კვირა გავიდა, მეორე დოზითაც აიცრებიან, ვინაიდან მათთვის დოზების მარაგი არის.

რაც შეეხება პირებს, ვინც ასევე პირველი დოზა უკვე გაიკეთა და იმუნიზაციიდან 4-10 კვირა გავიდა, მათ “ასტრაზენეკის” ვაქცინის მიღებამდე მოცდა მოუწევთ.

“პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, მათ შეიძლება შევთავაზოთ “სინოფარმით” ან “სინოვაკით” აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს “ასტრაზენეკასი” და ისინი ყველა აიცრება.  ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის 43 ათასი დოზა “ასტრაზენეკის” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.