გამყრელიძე: რუსთავში დიდი ამცრელი სივრცე ჩამოყალიბდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება.

როგორც დაანონსებული იყო, NCDC იმუნიზაციის მასშტაბური ცენტრების მოწყობას საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში გეგმავს.

როგორც გამყრელიძე ამბობს, დედაქალაქის მაგალითზე მიმდინარეობს მოლაპარაკება “ექსპო ჯორჯიასთან“, სპორტულ დაწესებულებებთან და  მოლებთან ფართების გამოყენებაზე. მისივე თქმით, იმუნიზაციის ცენტრების მოწყობის შემდეგ, ვაქცინაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით.

“ქვეყნის 4 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო” ,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება რუსთავს, როგორც 25 მაისს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა TV4-ს განუცხადა, რუსთავში იმუნიზაციის ცენტრის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  დავით ბეგაშვილის თქმით, სამომავლოდ იგეგმება, რომ მოქალაქეებმა ვაქცინაცია ცოცხალი რიგის მეშვეობითაც შეძლონ.