გამყრელიძე: ჩვენ ახლა დანის პირზე მივდივართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჯერ არც ქვეყანას და არც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია არ დაუმარცხებია, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.

„დღეს, ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია. როცა ჩვენ 5 რეკომენდაციას ვასახელებთ – პირბადეს, დისტანციას, სანიტარული წესრიგი, შეკრებები და აცრები, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, საჭიროა ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს, მაგრამ ეს მხოლოდ რეგულაციების სრული დაცვით უნდა მოხდეს.

“ჩვენ ახლა მივდივართ ე.წ. ოქროს შუალედით, ანუ დანის პირზე მივდივართ. ერთი მხრივ ზაფხულია, ეკონომიკა მეტად იხსნება და აუცილებელია, რომ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელია, ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია მოგეხსენებათ ბოლო 2-3 კვირის, მთელი ივნისის განმავლობაში, დგას დაახლოებით მსგავს მაჩვენებლებზე.”