გარდაბანში იუსტიციის სახლი გაიხსნა[ვიდეო]

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო პირველ რიგში ბატონ მინისტრს, ვინაიდან მისთვის ეს არის პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მინისტრის რანგში, მინდა მივულოცო გარდაბნის მოსახლეობას, ვინაიდან ეს ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. როგორც აღინიშნა, 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი ამ შენობაში, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან, ისინი ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. მე ვიცი, რომ მინისტრს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომელზეც მუშაობს 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მრავალფეროვანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.

მე ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სწორედ რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, თანამედროვე სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ თქვენს თანამშრომლებს, ბატონო მინისტრო, მინდა ყველას მოგილოცოთ და გადაგიხადოთ დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის და გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ.

გარდაბნის იუსტიციის სახლში 18 პირი დასაქმდა. ახალ შენობაში გააგრძელებენ მუშაობას სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლებიც, რომლებსაც საქმიანობა მოძველებულ ოფისებში უწევდათ.

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.