გერმანიაში ტურისტულად შესვლას “სონოფარმითა” და “სინოვაკით” აცრილები ვერ შეძლებენ

გერმანიაში შესვლა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “მოდერნას” ან “ჯონსონის და ჯონსონის” ვაქცინებით აქვთ ჩატარებული.

ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილთათვის გერმანია ამ ეტაპზე საზღვარს არ ხსნის. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა. PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის, აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება. იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის”,- წერია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აქამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვთ ჩატარებული, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ გერმანიაში შესვლა.

ამასთან,  პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით დარეგისტრირდნენ მგზავრობაზე, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს.

კორონავირუსის ვაქცინის გარეშე შესვლის პირობები:

  • ევროკავშირის წევრი-ქვეყნებიდან, შენგენის ასოცირებული ქვეყნებიდან: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეპიდემიოლოგიური მდგომარებიდან გამომდინარე ევროკავშირის მიერ შესვლა დაშვებულია.  სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. ამისათვის უნდა არსებობდეს გადაუდებელი აუცილებლობა.