გიგი უგულავა ამნისტიაზე უარს ამბობს

გიგი უგულავა მის მიმართ წარდგენილი ძალადობის ბრალდების ამნისტირებაზე უარს ამბობს. უგულავას განცხადებით, ეს საქმე მის წინააღმდეგ ორგანიზებული დანაშაული იყო.

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილია, აქ არის პოლიტიკური საფუძველი. არანაირი ამნისტია არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია. არ მივიღებ მას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის. ეს არის სისტემური დანაშაული. მე მოსამართლესაც ვუთხარი, აქ რომ მანდატურს ხელი გავარტყა, ამ კამერებს ხო, ამოიღებთ და საქმეში ჩადებთ, მაშინ მითხარით აეროპორტის კამერები რატომ არ არის საქმეში? იმიტომ არ არის, რომ იქ ნათლად ჩანს, ეს იყო ორგანიზებული. დავალებით მოქმედებდა ადამიანი, რომელიც თან ეჭვმიტანილია ამ საქმეში. 16 ნოემბერს ჩვეულებრივად ზონდერებთან ერთად იყო ხალხის დასარბევად. ამ მოსამართლისგან რას უნდა ელოდო პიჯაკების საქმის მოსამართლეა, მაგრამ არც ველოდები, არც მაინტერესებ. რომც გამოიტანონ პატიმრობა, არ მანაღვლებს, რადგან ეს საქმე არ დამთავრდება, არ დაიხურება, ვიდრე არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული“, – განაცხადა უგულავამ.

საქმის პროკურორი ნათია გურული აცხადებს,რომ ქმედებაზე, რომელიც გიგი უგულავამ ჩაიდინა, ამნისტია ვრცელდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა თავად განაცხადა უარი მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე, აქედან გამომდინარე დღევანდელ პროცესზე ვერ მოხდა დაზარალებულის პოზიციის მოსმენა. დაზარალებულის პოზიციას მოვისმენდით თუ ამის საშუალებას მოგვცემდა ბრალდებულის პოზიცია და ის თანხმობას განაცხადებდა მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ბრალდების მხარემ კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად და ობიექტურად ჩაატარა გამოძიება, მოიპოვა ყველა მტკიცებულება, რისი მოპოვებაც შესაძლებელი იყო. ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა იგივე შესაძლებლობა მოეპოვებინა ყველა ის მტკიცებულება რასაც მიიჩნევდა საჭიროდ,” – განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 29 ივნისს გაიმართება. საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.