საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა ძლიერი კავშირები აქვთ.
„ნამდვილად მიხარია, რომ შემიძლია, პირველად ვიყო თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში. აქამდე გაგებული მქონდა, როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო. ახლა შემიძლია, დავადასტურო, ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის. მახსოვს, ჩვენი შეხვედრა 2019 წელს, ვილნიუსში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა აკავშირებთ ძლიერი კავშირები. პირველ რიგში, ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ, ასევე ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები.”- განაცხადა ლიყტევის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადი ამბიციურია, თუმცა შესაძლებელი.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა 19 აპრილის შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს შექმნის შესაძლებლობას, გადავიდნენ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის.
„19 აპრილის შეთანხმება დარჩა, რომ 100 პროცენტით განხორციელდეს და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს. ეს შექმნის ყველა შესაძლებლობას, დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის. ეს არის რეფორმები და ინტეგრაცია დასავლეთ სივრცეში, დემოკრატიის გაძლიერება, პოლიტიკური სტაბილურობა. ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი არის გადაუდებელი პრიორიტეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამბიციური მიზნების მიღწევისთვის. მიზნების მიღწევა შეგიძლიათ არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით. თქვენი მიზანი, 2024 წელს წარადგინოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თქვენი გამბედაობის დიდი დემონსტრირება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.