დავით კირკიტაძე: პარლამენტი არ ზრუნავს არც ერთ მოქალაქეზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია სრულდება, თუმცა ამ კვირის დასაწყისში შესული 30 საკითხიდან, მოქალაქეებს არცერთი არ ეხება.

როგორც კირკიტაძე ამბობს, პარლამენტი მოქალაქეებზე არ ზრუნავს.

მისივე თქმით, შემოდგომაზე დიდი შანსია, რომ “ეს ადამიანები არჩევნების გზით, სახლში წავიდნენ”

„მეათე მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ამ კვირაში ასრულებს და იმედი მქონდა, რომ პარლამენტი მოქალაქეებზე ისაუბრებდა, თუმცა ამ კვირის დღის წესრიგში შესულია 30 საკითხი, საიდანაც არც ერთი საკითხი მოქალაქეებს არ ეხებათ. ვერ იპოვის მის ინტერესებს ოთხი შვილის დედა, რომელიც მეხუთე შვილს ელოდება და მას მუნიციპალიტეტში უთხრეს, რომ სამი დღის ბურღულეულს მისცემდნენ. ვერ იპოვის საკუთარ თავს პენსიონერი სოხუმიდან, რომელიც უვლის ჩავარდნილ მეუღლეს, რომელიც ინვალიდობის პენსიას ვერ იღებს და ცხოვრებას წვალებაში ატარებს. თავის თავს ვერ იპოვნიან სტატუსშეჩერებული სტუდენტები, რომლებიც გადასახადის არქონის გამო, აკადემიურს იღებენ. პარლამენტი არ ზრუნავს არც ერთ მოქალაქეზე, თუმცა ზრუნავს ანზორ ბოლქვაძეზე, რომლის ოჯახის წევრებს 4 მლნ ტენდერი შეახვედრეს. შემოდგომაზე უნიკალური შანსია, ვინც ხალხზე არ ზრუნავს, ეს ადამიანები არჩევნების გზით ხელისუფლებიდან გავუშვათ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.