დედა სიდონიას წერილი: რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი

დედა სიდონია წერილს ავრცელებს და ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც დედაო ამბობს, ეკლესია რომელიმე კონკრეტული ჯგუფის კუთვნილება არაა.

წერილში მონაზონი ეკლესიას კითხვებით მიმართავს და ამბობს, რომ შეცდომების აღიარების ეშინიათ, იმ ადამიანებს კი ვინც ეკლესიას დისკომფორტს უქმნის სჯიან.

“იცით, რა მაწუხებს? – სიყვარული, შემწყნარებლობა, სიმშვიდე, უბრალოება, ღმერთზე მინდობა აღარ ჩანს. სად გადავმალეთ ის სათნოებები, რომელთაც სულის და სხეულის გამრთელებასა და სრულყოფამდე მივყავართ?!

სად გადავმალეთ გულისხმიერება! თანალმობა! ზრუნვა! სიყვარული?! სად არის ჩვენში მწყემსი კეთილი?!

როგორ მივედით იქამდე, რომ ასე გულგრილად შეგვიძლია მოვიკვეთოთ, გავიუცხოოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენეულ წარმოდგენებს არ ექვემდებარებიან. […] ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ადამიანებთან, სწორედ ესაა მწყემსის სიბრძნე!!! ის “ლჭბტიებიც” და “ლიბერალებიც” განა ჩვენივე შვილები არ არიან?” ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურც ერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი” (მათე 18,10-11) ეკლესიის ამოცანა არ არის ტრადიციის დაცვა, მისი ამოცანაა ადამიანებთან მიიტანოს ღვთის სიტყვა, რადგან “შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისათვის.” (მარკ. 2,27) ადამიანია მთავარი, ადამიანი, რომელსაც დღეს ასეთ გაურკვევლობასა და ნიჰილიზმში ვამყოფებთ!.

რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სანამ პრობლემატიკაში გავერკვეოდი, თვალში მომხვდა ორი რამ: ბავშვების მიმართ ცივი დამოკიდებულება და მეორე, მოუვლელი ეზო… რომელიც ძალიან ბევრს მეტყველებს გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე… მე ვინც მიყვარს, ასეთ ეზოში არ ვაცხოვრებ.

P.S. ის, რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკისა და აღშფოთების საფუძველი, მით უმეტეს, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნისა. უნდა გადავხედოთ, რამდენად მართალნი ვართ ჩვენს მოწოდებაში და საქმით ჩავასწოროთ შეცდომები. ოდესღაც ხომ უნდა გავიზარდოთ, გავიაზროთ, სად და რატომ ვდგავართ, რას და როგორ ვემსახურებით! მუდამ ყველასთვის მლოცველი დედა სიდონია” – ნათქვამია წერილში