Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსში 71 ფიზიკურ პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს.
სანქცირებულ პირთა სიაში შედიან მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების დასჯაში. სიაში არიან ასევე პარლამენტარები, მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და რეჟიმთან ასოცირებული ბიზნესის ლიდერები.
ასევე, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები და ექსპორტიორები, რომლებსაც ბრალი ედებათ ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში.
შემოთავაზებული ზომები ნიშნავს ევროკავშირის საზღვრებში მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას.
ევროკავშირის ლიდერები მაისში შეთანხმდნენ “მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების” დაწესებაზეც. კონკრეტული სექტორები ჯერ არ არის განსაზღვრული, მაგრამ, სავარაუდოდ, მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა პოტაშის წარმოება, რაც ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელია და ასევე, უზრუნველყოფს ევროპული მოთხოვნის მნიშვნელოვან წილს.
ბლოკს უკვე სანქცირებული ჰყავს 7 ორგანიზაცია და 88 პირი, მათ შორის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო.
ახალი სანქციები და პიროვნებათა ჩამონათვალის გაფართოება ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას უკავშირდება.
მიმდინარე თვის დასაწყისში წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ Raynair-ის ლაინერის გატაცების შემდეგ, ევროკავშირის ავიაკომპანიები ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი