საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ჰიმნები.
ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალმა მედიისთვის განცხადებებიც გააკეთეს.
უკრაინის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც ფაქტებითაც დასტურდება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. უკრაინის ხალხის სახელით, მინდა, ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება, საქართველოს გაუმარჯოს.
ძვირფასო მეგობრებო, ამ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც უკავშირდება პირველ რიგში კორონავირუსს, საქართველოში ჩემი ვიზიტი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენი ქვეყნების ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით“, – განაცხადა შმიგალმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი საკითხი ევროკავშირისკენ სწრაფვა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები.
„ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და წლების მანძილზე, ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი გუშინ, გვიან ღამით ეწვია.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.









