ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, პანდემიამდე და პანდემიის დროს ლარის გაუფასურების მიზეზები განმარტა.
„პანდემიამდე ლარის გაუფასურებას კონკრეტული მიზეზები აქვს. 2019 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციიდან ფრენების შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინები იყო, რომ ბევრი ტურისტი აღარ შემოვიდოდა. 2018 წელს ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა მოახდინა თურქეთის ლირას გაუფასურებამ და კრიზისმა. ამან მიმდინარე ანგარიშზე შექმნა დაწოლა, მოლოდინების არხი ჩაირთო და ეროვნული ვალუტა გაუფასურდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე განმარტა, თუ რატომ გაუფასურდა 2020 წელს ლარი.
„2020 წელს ლარის გაუფასურება გამოიწვია პანდემიამ. ქვეყანამ ტურიზმიდან არ მიიღო დაახლოებით $3 მილიარდის შემოსავალი. როგორ ფიქრობთ, რას უნდა დაეკომპენსირებინა ეს შემოსავალი?“ – განაცხადა გვენეტაძემ.









