თამარ გაბუნიამ თქვა, როდის შემოვა საქართველოში კოვიდვაქცინის ახალი დოზები

2,5 მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანაზე ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტი აქვს გაფორმებული და რამდენიმე დღეში ველოდებით პირველ მოწოდებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ. 284 ბრიგადაა დღეს მობილიზებული და ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ერთ ბრიგადას დღეში 60 აცრის ჩატარება შეუძლია, რაც ჯამურად საკმაოდ დიდ რაოდენობას ქმნის და დღეში 17 000 აცრის ჩატარებაა შესაძლებელი. გარდა ამისა იგეგმება ბრიგადების რაოდენობის გაორმაგება და იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურება. უკვე აქტიურია „ჰუალინგის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი“. უკვე მიდის კონსულტაციები დიდ მოლებთან, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო და ამ პროცესში ჩართული კლინიკები გამართავენ ვაქცინაციის ცენტრებს იმისთვის, რომ თვეში სულ მცირე მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოვახერხოთ, იმისთვის რომ მეოთხე ტალღა თავიდან ავიცილოთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.