თურნავა “ნამახვანჰესზე”: პოლიციას არ უხარია იქ დამატებითი ძალებით ყოფნა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, “ნამახვანჰესთან”, რიონის ხეობაში პოლიციის ძალები მანამდე დარჩებიან,სანამ “რიონის ხეობის მცველებისგან” საჯარო პირობა არ ექნებათ, რომ პროტესტს მშვიდობიანად გააგრძელებენ.

“იქ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მათ შორის დამოკიდებული იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო. მინდა გითხრათ, რომ პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს იქ დამატებითი ძალებით ყოფნა, მერწმუნეთ. ერთადერთი ამოცანა პოლიციის იქ ყოფნის არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის, იმიტომ რომ იყო სამწუხარო მაგალითები”, – აცხადებს ნათია თურნავა.