ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ “ნამახვანჰესის” მთელი ისტორია და დრამა ცოტათი გაზვიადებულია”.
მისი თქმით, დღევანდელი ვითარება 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა და პრობლემებმა მოიტანა, როცა ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ უნდობლობა გაჩნდა.
„ამას ბევრი მიზეზი აქვს, არ ჩავალ ანალიზში, მაგრამ იმედიანად ვარ, რომ საბოლოო ჯამში იგივე ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა პატრიოტი, გულწრფელი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მათ სწორად მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ პატრიოტიზმი გულისხმობს იმასაც, რომ თუნდაც დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი“ , – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა ხუდონჰესის ამბავი, რომელიც სწორედ პროტესტის გამო არ აშენდა.
„ჩვენ, ხელისუფლებას გაცილებით სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილება პოპულარულია თუ არა, უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაწილში აუცილებლად შევჯერდებით, რადგან ამოცანა საერთოა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც წაადგება ქვეყანას. მიუხედავად განსხვავებული ფორმებისა, სურვილი ასეთია, ამიტომ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას“, – აღნიშნა თურნავამ.