დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ ბავშვებში გამოყენებაზე დასტურს თუ გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაწიონ.
„იცით, რომ ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ „ფაიზერის“ გამოყენება დაშვებულია 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ და სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.
როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე რა ინფორმაციაც მაქვს, კვლევები მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე „ასტრაზენეკაზე“ და „მოდერნაზე“. მარეგულირებლები თუ მისცემენ დასტურს, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.