ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გაბრაზებულია

ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის განცხადებით, ამაზე არიან გაბრაზებული და ამას უკავშირდება პიარული კამპანია გომელაურის წინააღმდეგ.

„ამას მიჩვეული ვართ კონკრეტული ტელევიზიებისა და პარტიებისგან. პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრზე თავდასხმები არის ლოგიკური იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან გამორჩეულად ძლიერი ფიგურები ჩვენს გუნდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ჟურნალისტებთან, 20 ივნისთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე სამ ნაწილად იყოფა.

„პირველი იყო ის, რაც სხდომათა დარბაზში ჩატარებას მოჰყვა – იყო ჯერ გავრილოვის და შემდეგ ოპოზიციის პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის ჩემი შეცდომა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე. მეორე – იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა. ეს იყო მთავარი დანაშაული, რაც იმ ღამეს ჩაიდინეს. ეს არის ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ხარვეზებს, რაც დაშლის პროცესში იყო, ეს იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.