ისრაელმა მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა აკრძალა

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა აკრძალა. გადაწყვეტილებას ხელი 9 ივნისს მოეწერა. გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა ექვს თვეში ამოქმედდება.

“ბეწვეულის ინდუსტრია მსოფლიოში ასობით მილიონი ცხოველის სიკვდილს იწვევს და წარმოადგენს აღუწერელ სისასტიკესა და წამებას

მოდის ინდუსტრიაში გარეული ცხოველების ტყავისა და ბეწვის გამოყენება ამორალური და ნამდვილად არასაჭირო პრაქტიკაა. ცხოველების ბეწვით შექმნილი მოსასხამები იმ სასტიკ და მკვლელ ინდუსტრიას ვერ დაფარავს, რომელიც მათ ქმნის. ამ გადაწყვეტილების მიღებით კი ისრაელის მოდის სფერო გარემოსა და ცხოველებისადმი უფრო ტოლერანტული გახდა”-— აცხადებს ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი, გილა გამლიელი.

გადაწყვეტილების მიღებას აღფრთოვანებითა და ქების მიძღვნით შეხვდნენ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ისრაელსა და მსოფლიოში. მათ მადლობა გადაუხადეს გამლიელსა და ტალ გილბოას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველია ცხოველთა უფლებების საკითხებში.

განცხადება გაავრცელა მსოფლიოში ყველაზე დიდმა ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ, PETA-მ, რომელმაც გადაწყვეტილებას “ისტორიული გამარჯვება” უწოდა.