“ევროპული საქართველოს” მდივანი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, გიორგი კანდელაკი “ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზიდან გააქრო.
“ბატონი მდინარაძე და სხვა ვარსკვლავები, ინტელექტუალები ქართული ოცნებისა, უკვე დიდი ხანია, Сам Дурак-ის პრინციპით მოქმედებენ. მაშინ, როცა მათ გააქრეს საქართველოს საკითხი საერთაშორისო მაღალი დონის ასპარეზიდან, პრეზიდენტ ბაიდენს არცერთი სიტყვა არ უხსენებია საქართველოს შესახებ, იხსენებენ რაღაც რეზოლუციებს, რომელიც სინამდვილეში არის პირველი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც მომავალში დეოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და, რა თქმა უნდა, ეს დეოკუპაცია არანაირად არ აკისრებს ომის დაწყების პასუხისმგებლობას საქართველოზე”. – თქვა გიორგი კანდელაკმა.
ინფორმაციისთვის, მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა: “7 აგვისტოს ხელი მოუწერეს რუსებს და პირდაპირ დააბრალეს კასეტური ბომბების გამოყენებით საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს.”- თქვა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე განმარტებას სთხოვს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც აგვისტოს ომის მტკიცებულებების გაქრობაში ადანაშაულებს.









