კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული ეროვნული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ მეოთხე ეროვნული შეტყობინება წარადგინა.
შეტყობინებაში მიმოხილულია ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები კონვენციის შესრულების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის მიმართულებით.
დოკუმენტში ასევე შესულია სათბური აირების ინვენტარიზაციის განახლებული ანგარიში, რომელიც 1990 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.
საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების რამდენი ძირითად მიგნება შემდეგია:
- კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს საქართველოზე. 1986-2015 წლებში, წინა 30-წლიან პერიოდთან შედარებით, ქვეყნის უმეტეს რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა 0.25-0.58°C-ით, ხოლო ზოგიერთ ქალაქსა და რაიონში 0.63-0.73°C.
- თუ მსოფლიოში სათბურის აირების გაფრქვევა არ შემცირდება, 2100 წლისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა შესაძლოა 3.7°C-ით გაიზარდოს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე 1.5°C, საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის შედარებით უსაფრთხო ზღვარი.
- 1990-2017 წლებში, საქართველოს ეროვნულმა ემისიებმა 462 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტურ რაოდენობას მიაღწია. აქედან, მხოლოდ 31 პროცენტი შთანთქა ტყეებმა.
- იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში განხორციელდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიება კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, 2030 წლისათვის, წლიური ეროვნული ემისიები შემცირდება 5 მილიონი ტონით საბაზისო სცენართან შედარებით.
საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ ყველა ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებისა და დოკუმენტის ხელმომწერია. 1994 წელს, ქვეყანამ ხელი მოაწერა გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ, 1999 წელს – შეუერთდა კიოტოს პროტოკოლს, ხოლო 2016 წელს – პარიზის შეთანხმებას.
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, საქართველო ოთხ წელიწადში ერთხელ წარადგენს ეროვნულ ანგარიშს გაეროს კონვენციის მიმართ. ანგარიში კლიმატის ცვლილების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ დოკუმენტს წარმოადგენს.
წელს საქართველომ განაახლა პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება. კერძოდ, ქვეყანამ უპირობო ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის, 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს, ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
სტატიას ბიზნესფორმულა ავრცელებს.