კობახიძე: გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც “ოცნების” პროექტი, არც ივანიშვილის

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თებერვალში გახარიას გადადგომა სახელმწიფოს და გუნდის ღალატი იყო.

როგორც კობახიძე ამბობს, ის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეთანხმება და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით გაცხადდა, რომ გიორგი გახარია არც “ქართული ოცნების” და არც ივანიშვილის პროექტი არ არის.

“გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც “ოცნების” პროექტი, არც ივანიშვილის  და ამით მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან სხვა რამის პროექტი, ამაზე უკვე მოგვიანებით.

რაც შეეხება შეფასებას ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს  იმ ყველაფერს რაც მოხდა ამა წლის თებერვალში საქართველოში.  საუკეთესო ასახავს იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ითქვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გიორგი გახარიას მხრიდან თანამდებობის დატოვება სახელმწიფოს ღალატი იყო.