კულუმბეგოვი: სადაც ცოტა იცრება, სიკვდილობა იზრდება

ალერგოლოგ- იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ქვეყნებში ვაქცინაციის, კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებელზე წერს.

მისი თქმით, ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მცირე ნაწილია აცრილი, სიკვდილიანობა იზრდება.  იმ ქვეყნებში კი, სადაც ვაქცინაციის ტემპი მაღალია, შემთხვევების რაოდენობა იზრდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ იცვლება.

შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 47,8%-ია სრულად ვაქცინირებული, ისრაელში კი 57%. ორივე ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2021 წლის მაისიდან თითქმის თანაბარია. ივნისში ბრიტანეთში გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 10-ის ფარგლებშია.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებშიც ვაქცინაციის ტემპი დაბალია ჩანს, რომ სიკვდილიანობა და შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, ბანგლადეშში ორჯერადად მოსახლეობის 2,6% აიცრა, ინდონეზიაში – 4,8%. ორივე ქვეყანაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდია.

კულუმბეგოვი წერს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის დასამარცხებლად ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.