კუჭავა “ნაციონალურ მოძრაობაზე”: მიხარია, რომ შემოდიან პარლამენტში

“მიხარია, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში” –  პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საკანონმდებლო ორგანოში “ნაიციონალური მოძრაობის” შესვლას ეხმაურება.

როგორც კუჭავა ამბობს, აუციელებელია, რომ პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი.

“მე ადრეც ვამბობდი, მოვუწოდებდი მათ და მიხარია, რომ ისინი შემოდიან, რადგან აუცილებელია, რომ პარლამენტში იყოს ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. მე ასევე ვთქვი და ვისურვებ, რომ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგან იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი პუნქტი რომელზეც აუცილებელია ყველა პარტიის ერთად ჩართულობა”, – თქვა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივნისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.