მამას, რომელმაც შვილს 9 ჭრილობა მიაყენა და მოკვლა სცადა პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

” 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე, მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მამაკაცი 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ  მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს.-ს  სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.