მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს[ვიდეო]

მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზა დაახლოებით 15 კილომეტრი სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი -მარნეული-გუგუთისა და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, რკინა-ბეტონის მილები, ახალი სახიდე გადასასვლელი, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონის, საგზაო ნიშნების და გზის სავალი ნაწილის  მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონ 6 ათასი ლარით ფინანსდება და  სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

არსებული გზა წლების განმავლობაში დაზიანებული იყო.