მაშველებმა ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს

ლენტეხში, ლათქარიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე დაშავებული მოქალაქე მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მოქალაქე მეორე ნაპირზე ბაგირის საშუალებით ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც, ბაგირი გაწყდა და მამაკაცი წყალში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, მას ქვედა კიდური დაუზიანდა, თუმცა მეორე ნაპირზე დამოუკიდებლად ასვლა მაინც მოახერხა.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.