„მსოფლიო ბანკმა“ საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის დამატებით 34.5 მლნ. აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
„საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვნად გააძლიერებს 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. აღნიშნული თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.
დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
“პანდემია უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის“, -აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის ცნობით, დამატებითი დაფინანსება კორონავირუსზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას.
მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა. ასევე, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით.