“რაც ახლა მოხდა, ნათლად ასახავს, რომ პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დუქანია” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ქართული ოცნების” მიერ პლენარული სხდომის დახურვას.
როგორც მელია ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა უფსკრულისკენ ჰყავს წაყვანილი, რასაც “ქართულ ოცნებაშიც” ხვდებიან. მისივე თქმით, პარლამენტს ლეგიტიმური პირი, პარლამენტის თავმჯდომარე არ ჰყავს.
“რაც ახლა მოხდა, ნათლად ასახავს, რომ პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დუქანია. სადამდე დაიმალებიან?! ხვალ იქნება, ხვალაც ხომ არ გადადებენ სხდომას?! თუ ხვალაც არ გადადეს და ენითაღუწერელი პრეცენდენტი კვლავ არ გაიმეორეს, რომელიც დაუშვეს დღეს, ხვალ მომეცემა შესაძლებლობა?! ხვალ მოვალ. ხვალაც თუ გადადეს?! ზეგ მოვალ, ზეგ თუ არ იქნება – მაზეგ, მაზეგ თუ არა – იმის მერე.
დღეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ამნისტიის კანონპროექტისა და საარჩევნო კანონპროექტის. ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა არის, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი სუვერენული და ლეგიტიმური პირი “ქართული ოცნების” მხრიდან.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი, ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი არიან ტყვეობაში. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან, რა ხდება სახელმწიფოში. უბრალოდ ისინი თავიანთ თავს უტყდებიან მაშინ, როდესაც რჩებიან საკუთარ თავთან ან ვიწრო წრეში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” არ არის ხალხი, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა წაყვანილი ჰყავს უფსკრულისკენ და ძალიან ახლოს ვართ გადაჩეხვასთან. ამისთვის ვართ დემოკრატიული ოპოზიცია, რომ გადაჩეხვის უფლება არ მივცეთ” – ამბობს მელია.