ჟენევაში პუტინი-ბაიდენის შეხვედრა დაიწყო

პუტინი-ბაიდენის პირველი შეხვედრა დაიწყო – ჟენევაში, ისტორიული ვილაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები.

ისტორიული სამიტი იმ საუკუნოვან ვილაში იმართება, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს რეიგანი და გორბაჩოვი.

შეხვედრა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშიაა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ასეთი გართულებული არასდროს ყოფილა.

ვლადიმერ პუტინმა ის თემები დაასახელა, რომლებზეც ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ისაუბრებს.

„ჩვენ ვისაუბრებთ სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ცხელ წერტილებში საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაზე, განიარაღების პროცესზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, პანდემიასა და ეკოლოგიურ საკითხებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენი ბელარუსისა და უკრაინის საკითხსაც წამოწევს.