ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ “სინოფარმი” და “სინოვაკი” ადამიანებს ვერ იცავენ დელტა შტამისგან სრულყოფილი არაა. როგორც მინისტრი ამბობს, მეცნიერებს ამ მიმართულებით კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო მასობრივ ვაქცინაციას მომავალი თვიდან დაიწყებს.
“იმ ვაქცინებით, რომლებიც ეტაპობრივად დაიწყებს შემოსვლას საქართველოში, კერძოდ შემდეგ კვირას, ჩვენ უკვე გარკვეული მოცულობები გვექნება. დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი “სინოფარმი” და ნახევარი მილიონი “სინოვაკი” უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც მინისტრი ამბობს, აქვთ ინფორმაცია “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანის თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით, კონტრაქტის გამო ვადების დასახელება ვერ ხერხდება.