რუსთაველმა მოსწავლემ ევროკავშირისგან 50 000 ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო

რუსთაველმა მოსწავლემ, 16 წლის ნიკოლოზ კოწიწაშვილმა განათლების მისაღებად, ევროკავშირისგან 50 000 ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო. ნიკოლოზი რუსთავის სკოლა „ლაზარეს“ მე-10 კლასის მოსწავლეა.

მომავალი წლიდან ის სწავლას თბილისში, საერთაშორისო დონის ინგლისურენოვან New School-ში გააგრძელებს, სადაც IB პროგრამას შეისწავლის.

სკოლის დასრულების შემდეგ მას საშუალება ექნება, 95 ქვეყნის 3 300 უმაღლესი სასწავლებლიდან ნებისმიერში უგამოცდოდ ჩაირიცხოს.

ნიკოლოზ კოწიწაშვილს და მის მშობლებს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა და ნიკოლოზს მადლობის სიგელი გადასცა.

როგორც ნიკოლოზ კოწიწაშვილმა აღნიშნა, სკოლა, რომელშიც მომავალი წლიდან ისწავლის მულტიკულტურულია. კონკურსში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ კოწიწაშვილი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების“ მონაწილეა.